ხშირად სწორედ ის არის შესაძლებელი, რაც წარმოუდგენელი გეჩვენება!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კაფეში გვერდითა მაგიდაზე წყვილი იჯდა, დილას ბევრი ხალხი არ იყო და საუბარი გარკვევით ისმოდა.
ბიჭი დიდი აღტაცებითა და ენთუზიაზმით ეუბნებოდა გოგოს: – შენ აუცილებლად უნდა დაიწყო შენი საქმე, ჩემს ფართს მოგცემ, იქ მოიწყვე ოფისი და წამოდი სამსახურიდან, შენს რესურს კარგავ.
გოგომ კი ძალიან ბანალური პასუხი დაუბრუნა: – ეგრე მარტივი არ არის.
მივხვდი, ამ გოგოს ერთი წამითაც კი არ მიუღია სერიოზულად ბიჭის სიტყვები, ყოველდღიურ რიტმში აწყობილს ვერც კი წარმოედგინა ამ რიტმის დარღვევა.
და ხშირად ასეც ხდება. სამუშაო რუტინაში ჩართულებს აღარც დრო გვრჩება და აღარც რესურსი, დავუბრუნდეთ ჩვენს რეალურ სურვილებს, სწორად შევაფასოთ და გადავაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და შევცვალოთ რეალობა.
არადა, ხანდახან ძალიან ახლოს არის რაღაც დიდებული, ალბათ რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდით და ხანდახან როგორ არ გვინდა ამის დანახვა.
თქვენ იმ საქმეს აკეთებთ, რაც გიყვართ?
იმ ფორმატით მუშაობთ, როგორზეც გიოცნებიათ?
იმ მოცემულობაში ხართ, 5 წლის წინ პასუხი რომ გაეცით, აქ ვხედავ ჩემს თავსო?
თუკი ამ კითხვებზე უარყოფითი პასუხები გაქვთ, რამდენიმე პრაქტიკას გაგიზიარებთ, რომელიც დაგეხმარებათ, დაგაფიქროთ და გადაგაფასებინოთ რეალობა.
აღმოაჩინეთ თქვენი SWEET SPOT!
SWEET SPOT ეს არის 3 ძირითადი კომპონენტის თანხვედრა:
1. თქვენი სურვილები – რა არის ის საქმე, რისი კეთება გიყვართ და გსიამოვნებთ; რა არის ის სფერო, რაც გაბედნიერებთ, რაშიც მთელი აღტაცებით ერთვებით?
თუ ჯერ კიდევ არ მიგიგნიათ თქვენი რეალური სურვილებისთვის, საუკეთესო პრაქტიკა ასეთია:
უნდა გამოეთიშოთ ყოველდღიურობას, გარკვეული პერიოდით წახვიდეთ თქვენთვის სასიამოვნო გარემოში და გეგმებისა და შეზღუდვების გარეშე აკეთოთ ის, რასაც იმ მომენტში ტვინი და გული გიკარნახებთ.
ასეთ თავისუფალ პირობებში ტვინი იწყებს იმის მიგნებას და იმაზე ფიქრს, რისთვისაც ყოველდღიურობაში ვერ იცლის და ამ პროცესში ხშირად ნათურასავით ინთება ხოლმე ის დიადი იდეა.
2. თქვენი შესაძლებლობები/ძლიერი მხარები – რისი კეთება გამოგდით ყველაზე კარგად; რა არის ის, რასაც იდეალურად ართმევთ თავს; რაში ხართ ყველაზე ძლიერები?
აქ გულწრფელობაა გადამწყვეტი.
ძალიან რთულია საკუთარ თავს გამოუტყდეთ, რომ ის, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდით, სულაც არ ყოფილა თქვენი ძლიერი მხარე. მაგრამ სხვა გზა არ გაქვთ, თუ გინდათ, რომ დრო არ დაკარგოთ, საკუთარი შესაძლებლობები სწორად უნდა შეაფასოთ.
3. ბაზრის რეალური საჭიროებები – რადენად რელევანტური და მოთხოვნადია თქვენი შერჩეული საქმე?
მას შემდეგ, როცა თანხვედრაში მოაქცევთ, რისი კეთება გიყვართ და რა გამოგდით ყველაზე კარგად, მესამე ეტაპზე გაარკვიეთ, თანხვედრაშია თუ არა თქვენი არჩეული საქმიანობა ბაზრის მოთხოვნებთან.
თუ რელევანტური არ ხართ, ჩათვალეთ, რომ შეუმჩნეველიც ხართ და ბუნებრივია, ჩრდილში ყოფნით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ.
განვიხილოთ პირობითი მაგალითი.
ვთქვათ, მე აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტად ბალეტის ცეკვა მინდა და მიყვარს. აქვე უნდა შევაფასო ჩემი შესაძლებლობები, მართლა შევძლებ ბალეტის სათანადოდ ცეკვას? ეს არის ის, რაც ჩემი მონაცემით ყველაზე კარგად გამომივა?
დავუშვათ, რომ პირველი და მეორე კომპონენტი თანხვედრაშია: ბალეტის ცეკვა ყველაზე მეტად მინდა და ამის შესრულებაც შესანიშნავად გამომდის, მაგრამ რა ხდება ბაზარზე?
არის მოთხოვნა ბალეტის მოცეკვავეებზე? არის პოპულარული ეს მიმართულება? არის შესაბამისად ანაზღაურებადი? გაჯარებული ხომ არ არის უკვე ბაზარი?
თუ ვერ მივიღებ სასურველ პასუხს, უნდა დავუბრუნდე და გადავაფასო პირველი 2 პუნქტი და ასე გავაგრძელოთ მანამ, სანამ სამივე კომპონენტი ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოვა.
სანამ SWEET SPOT-ზე მუშაობას დაიწყებთ, გახსოვდეთ, რომ:
- პერსონალურ ბრენდის შენება იმის გააზრებით იწყება, რომ იდეალური არ ხართ!
უნდა აღიაროთ, რომ ძლიერ მხარეებთან ერთად, გაქვთ სისუსტეები და ორივესთან ჰარმონიულად ყოფნა უნდა ისწავლოთ.
საკუთარ თავთან სასტიკად გულწრფელი უნდა იყო, სხვა შემთხვევაში თავს მოიტყუებთ და დროს დაკარგავთ.
- ხანდახან ოცნება უნდა გაუშვათ!
Follow your dreams ძალიან კარგია, მაგრამ შეიძლება მთელი ცხოვრება დევნამ მოგიწიოთ, თუკი რეალურად არ არის შეფასებული თქვენი შესაძლებლობები და გარემოებები.
ამიტომ, ხანდახან უკეთესია ბავშვობის ოცნების დათმობა, რეალობის გადაფასება და უკეთესი ოცნებისკენ სვლა.
გაშვება წარუმატებლობა არ არის, პირიქით, ახალი წარმატების დასაწყისია.
- მოხსენი ლიმიტები და საზღვრები!
პერსონალურ ბრენდზე მუშაობისას უმარავია ისეთი პრაქტიკა, როდესაც ადამიანი სწორედ იმ მიმართულებით წავიდა და რეალიზდა, რაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა! სწორედ ის აღმოჩნდა მისი ძლიერი მხარე, რაც არასდროს შეუმჩნევია და რისთვისაც არასდროს დაუთმია დრო და ყურადღება.
ასე რომ, მოუხსენით თქვენს თავს თქვენივე დაწესებული საზღვრები, მიეცით უფლება, ამაღელვებელი ნაბიჯი გადადგას და ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლოს!
მე კი იმედს დავიტოვებ, რომ ის გოგონა თავადაც დაინახავს საკუთარ პოტენციალს, გაარღვევს ყოველდღიურ რიტმს და იმას შეძლებს, რაც იმ დღეს, კაფეში, სრულიად წარმოუდგენლად ეჩვენებოდა!